ევროპის ბევრ ქვეყანაში, 30 აპრილიდან 1 მაისის ღამით, ქრისტიანობის წინა პერიოდში ჩასახული გაზაფხულის დღესასწაულის აღნიშვნაა შემორჩენილი.
ხალხი ვალპურგის ღამით ერთად იკრიბება, კოცონს ანთებს, მის გარშემო წრეს ჰკრავს და მღერის. კორონავირუსის კრიზისის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, უმეტეს ქვეყნებში, წელს, მოსახლეობა დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს შეკრებას და ზეიმს. ასეთ ქვეყნებს შორის არ ხვდება შვედეთი, სადაც ხელისუფლებას არ დაუწესებია შეზღუდვები და მოსახლეობა თავად იცავს სოციალურ დისტანციას. შვედეთის სამხრეთში მდებარე საუნივერსიტეტო ქალაქ ლუნდში, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სტუდენტები შეადგენენ, ვალპურგის ღამით, ჩვეულებრივ, ათიათასობით ადამიანი იკრიბება სპონტანურად. წელს, ლუნდის მუნიციპალიტეტმა, თხოვნით მიმართა მოსახლეობას, უარი თქვან ტრადიციულ დღესასწაულის აღნიშვნაზე. ამასთან ერთად, მუნიციპალიტმა გადაწყვიტა შექმნას ბარიერები პარკების გარშემო და ამგვარად შეუშალოს ხელი ხალხის იმ ნაწილს, ვინც მათ თხოვნას არ მიიღებს მხედველობაში და პარკებს მიაშურებს. მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტმა პარკებში 1 ტონა ქათმის სკლინტის მობნევის თაობაზეც იმსჯელა. პარკებში მობნევით გაზონები ბუნებრივ სასუქს მიიღებენ, ხალხს კი ხელი შეეშლება და ბევრი იტყვის უარს გაზონებში მოკალათებასა და ლუდის სმაზე. "ქათმის სკლინტის ნაკელი ძალიან მყრალი სუნის მქონეა", - ამბობს გუსტავ ლუნდბლადი. ხუთშაბათიდან ლუნდის ცენტრალური პარკში მჟავე სუნი დადგა. რამდენად შეუშლის ეს ხელს ვალპურგის ღამის დღესწაულის ტრადიციულად აღნიშვნის მსურველებს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.