თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.


ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.
„მინდა, ვიცე-მერის პოსტზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია - წლებია  ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა,
დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.


საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ. 


აქვე, დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და წარმატებები უსურვა. 


„მადლობას ვუხდი ირაკლი ხმალაძეს გაწეული შრომისთვის. ჩვენ 2017 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად დავიწყეთ მუშაობა მუნიციპალიტეტის თემებზე, ერთად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. მანამდე, ენერგეტიკის სამინისტროში ვმუშაობდით ერთად. ის შორს არ მიდის, ჩვენს მეგობარ უწყებაში გადავიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ქალაქისთვის მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, სისტემური რეგისტრაციები მაქვს მხედველობაში.

ირაკლი პროფესიით იურისტია. მან მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროშიც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული სამინისტრო იყოს წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.