ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
'ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის", – აცხადებს მიშელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კითხვაზე, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", რეფერენდუმში მონაწილეთა 50,46%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 49,54%-მა – უარყოფითი.
მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა, სადაც სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი მეორე ტურში გაირკვევა. მისი ოპონენტია პრორუსული ორიენტაციის "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე ტურში პროევროპული ძალების გამოწვევა პრორუსული ძალების მოსალოდნელი გაერთიანებაა. ამდენად, ამ მიმართულებით პროცესები ჯერ კიდევ წინ არის. მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.