მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ახლა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს დისკუსია იმაზე, შეუძლია თუ არა მოლდოვას დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ მაია სანდუმ რუმინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
„ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მოქალაქეების ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - აცხადებს სანდუ.
მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება უნდა ებრძოლოს ტყუილს, თითქოს ნეიტრალიტეტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობას არ იძლევა.
„ასევე სერიოზულად უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ქვეყნის დასაცავად. შეგვიძლია თუ არა დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფა?“ - ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი.