საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ 14 ნოემბრის ღამეს კიევში განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამ ათეულზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ეს დარტყმები, ძირითადად, კიევის, დედაქალაქის ენერგეტიკული ობიექტების, საცხოვრებელი უბნებისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, რამაც "მრავალი მსხვერპლი და დაშავება გამოიწვია, მათ შორის ბავშვებში".
"ეს დარტყმები, რომლებიც მასშტაბური იყო და მოიცავდა დაახლოებით 430 დრონს და 18 რაკეტას, რომლებიც რამდენიმე ზალპით გაისროლეს, წარმოადგენს შემდგომ ესკალაციას და აჩვენებს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ქვეყანამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ხალხსა და ხელისუფლებას, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც ასევე დაზარალდნენ თავდასხმის შედეგად.
საფრანგეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.
"საფრანგეთი ყველა პარტნიორთან ერთად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთზე ზეწოლას ომის დასასრულებლად", - ნათქვამია განცხადებაში.




