ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
თესალიის ადმინისტრაციული რეგიონის ქალაქ ტრიკალაში, ბისკვიტის ცნობილ საწარმოში, დღეს დილით, დაახლოებით 04:00 საათზე ადგილობრივი დროით, ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც შენობის შუაზე „გადახსნა“ და ორივე ნაწილში ხანძარი მოჰყვა.
ბერძნული მედიის ცნობით, ღამის ცვლაში ადგილზე მყოფი ცამეტი თანამშრომლიდან ხუთი ქალის შესახებ თავდაპირველად არაფერი იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მეხანძრეებმა ხუთიდან ოთხი დაკარგულის ცხედარი იპოვეს, კიდევ ერთი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ხანძრის შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუთი თანამშრომელი და ერთი მეხანძრე. მათ, ძირითადად, სუნთქვის პრობლემები აქვთ.
მედია აღნიშნავს, რომ ღამის ცვლაში 30 თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ ცამეტი გავიდა იმის გამო, რომ კვირა საღამოს, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, საწარმოს ხელმძღვანელობა ქალაქის ცენტრში საზეიმო სუფრასთან მიპატიჟებულ თანამშრომლებს საწარმოს წარმატებების და სამომავლო გეგმების შესახებ უამბობდა.



აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.




