რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე კომბინირებული და მძიმე იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან მძიმედ დაშავებულები.

როგორც ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის მართვადი საავიაციო ბომბები (КАБ), რაკეტები და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები.

იერიშის შედეგად ძლიერად დაზიანდა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. განადგურებულია ან დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, არასაცხოვრებელი შენობები და ავტოფარეხების კოოპერატივები. დარტყმების შედეგად გაჩენილმა ხანძრებმა და ინფრასტრუქტურულმა დაზიანებებმა ქალაქის ცალკეულ რაიონებში ელექტრომომარაგების შეფერხებები გამოიწვია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ღამის საჰაერო ტერორის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და სულ მცირე, ექვს ადამიანს აღწევს.

სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ათობით ადამიანია გადაყვანილი. ადგილზე მუშაობენ მაშველები, მეხანძრეები და ექიმები, რომლებიც ნანგრევების გასუფთავებასა და დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას აგრძელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეგიონი ბოლო პერიოდში ინტენსიურ და სისტემატურ თავდასხმებს განიცდის, რის მიზნადაც მოსახლეობაში პანიკის დათესვა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება სახელდება. სამხედრო ექსპერტები და ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებენ, საჰაერო განგაშის სიგნალების დროს უსაფრთხოების წესებს მკაცრად მიჰყვნენ და თავშესაფრებს შეაფარონ თავი.