რუსებმა უკრაინის ქალაქ ტერნოპილში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი, ათობით დაშავდა.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ოლეგ სინებუჰოვის განცხადებით, თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი ხარკოვი და კიდევ ოლქის 8 ქალაქში. ხარკოვში 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი - 9 და 13 წლის გოგონები. 

მისივე თქმით, ხარკოვში, დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 16 საცხოვრებელი კორპუსი, 31 მანქანა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქვესადგური, ადმინისტრაციული შენობა და სკოლა. 

რუსეთის ჯარების თავდასხმის შედეგად ლვოვში დაზიანდა ელექტროსადგური, ხის გადასამუშავებელი ქარხანა და საწყობი. 

"ლვოვში მასშტაბური ხანძარია. მის ჩაქრობას საათები დასჭირდება. დახურეთ ფანჯრები, რადგან ჰაერი შეიძლება დაბინძურდეს", - დაწერა ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა ზინკევიჩმა Telegram-ზე.

აფეთქებები ასევე დაფიქსირდა ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.