რუსეთმა ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა. დაზიანებულია მარცვლეულის საცავი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

"იერიში აზოვის ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროდან განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ Shahed-136/131-ის ტიპის 9 დრონის განადგურება შეძლო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შემდეგ სასაწყობე სათავსოებში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად იყო ლოკალიზებული.

რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაახშირა მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.