რუსი ოკუპანტების მიერ Слава Україні-ის თქმისთვის დახვრეტილი სამხედრო მოლდოვის მოქალაქე იყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მოლდოვის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს თავისი მოქალაქის მკვლელობას. სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის მკვლელობა შესაძლოა, შეფასდეს ომის დანაშაულად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად.

6 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის კადრები, რომელმაც სიკვდილამდე Слава Україні-ის თქმა მოასწრო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედროს ვინაობა დაადგინა. უწყების ინფორმაციით, ის ჩერნიგოვის რეგიონის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი, ალექსანდრ მაციევსკია.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრ მაციევსკი სამხედრო სამსახურში 2022 წლის მარტში გამოიძახეს. დეკემბრის ბოლოდან იგი დაკარგულად ითვლებოდა. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, მაციევსკი 2022 წლის 30 დეკემბერს დახვრიტეს. მისი ცხედარი კი სახლში  2023 წლის თებერვალში დააბრუნეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს განაცხადა, რომ მაციევსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.