რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას და "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ხელის შეშლას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა RBC იტყობინება.
გამოცემის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება გადაწყვიტა და ამისთვის ეუთო/ოდირთან თანამშრომლობა დაიწყო.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის "მტკიცებით", ეუთო/ოდირმა 10-20 დღით ადრე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ქვეყანაში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.
არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ ანგარიშზე დაყრდნობით დაიდება დასკვნა, რომ პროცესი დემოკრატიული ნორმებთან შეუთავსებელი იყო, რაც ხელს შეუწყობს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და ოპოზიციის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მხრიდან, ბოლო რამდენიმე თვეში, ანალოგიური განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა. SVR-ის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში.
9 ივლისს, რუსეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.