რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს უარყო მტკიცება, რომ ღამით მდინარე დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს რუსული უპილოტო თვითმფრინავები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.  

თავდაცვის სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს“ ინფორმაციას რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების აფეთქების შესახებ და იმეორებს, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული თავდასხმის საშუალებებს არასოდეს შეუქმნიათ პირდაპირი სამხედრო საფრთხე რუმინეთის ეროვნულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ წყლებზე".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საღამოს მდინარე დუნაის უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს რუსული უპილოტო თვითმფრინავები რუმინეთის ტერიტორიაზე აფეთქდნენ. 

„უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს იზმაილის პორტის მიდამოში, რუსული „შაჰედი" დაეცა და აფეთქდა რუმინეთის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსული სარაკეტო ტერორი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ პარტნიორებს დააჩქარონ უკრაინის უზრუნველყოფა დამატებითი თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ასევე საბრძოლო ავიაციით, რაც გააძლიერებს უკრაინის ინფრასტრუქტურისა და მეზობელი ქვეყნების დაცვას" - დაწერა დილით ოლეგ ნიკოლენკომ ფეისბუქზე და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც დუნაის მოპირდაპირე სანაპიროზე ცეცხლი ჩანს.



შავი ზღვის პორტებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვმა დაიწყო ხშირი თავდასხმები დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის მთავარი საექსპორტო პორტები გახდნენ.

ორშაბათის თავდასხმა, რომელმაც დააზიანა საწყობები იზმაილში, მოჰყვა კვირას თავდასხმას დუნაის მეორე მთავარ პორტზე, რენიზე, რა დროსაც დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და დაიჭრა მინიმუმ ორი ადამიანი.