კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დოკუმენტური ფილმის - ,,ფოფოდიას შვილების“ პრემიერას დაესწრო. ფილმის ავტორი და რეჟისორია სოფო ბაბლუანი, პროდიუსერი - გელა ბაბლუანი.
ფილმი თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს და ასახავს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი ახალგაზრდების ყოველდღიურობას, მათ ურთიერთობას.
„ფოფოდიას შვილების“ საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთში გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალზე RELIGION TODAY („რელიგია დღეს“) წარმომადგენლობითი ჯილდო მიიღო კატეგორიაში ,,რწმენის სული“.
„ეს არის ფილმი სიკეთეზე, ადამიანობაზე, სიყვარულზე. ახალგაზრდები, რომელთა შესახებ ამ ფილმშია მოთხრობილი, უმთავრესი ღირებულების - სიყვარულის ერთგულნი რჩებიან. მოძღვარი და ფოფოდია მათთვის მაგალითის მიმცემები არიან. სიყვარულისა და ტოლერანტობის იდეა ამ ფილმის მთავარი ღერძია. მადლობას ვუხდი სოფო ბაბლუანსა და შემოქმედებით ჯგუფს დაუვიწყარი ემოციებისთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ფილმი წარმოადგენს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კოპროდუქციას და შექმნილია პარიზის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით. ქართველი მაყურებელი „ფოფოდიას შვილებს“ უახლოეს კვირებში იხილავს.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.









