ფრანგული მომხმარებელთა უფლებების დამცველი ასოციაცია Que Choisir საზოგადოებას აფრთხილებს, რომ პოპულარულ ონლაინ-პლატფორმებზე — Temu, AliExpress და Shein — გაყიდული მზისგან დამცავი კრემები ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ხოლო მათი დამცავი ფუნქცია პრაქტიკულად ნულის ტოლია. 

ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ოფიციალურად მიმართავს.
ასოციაციამ ლაბორატორიულად შეამოწმა 10 სხვადასხვა დასახელების მზისგან დამცავი საშუალება, რომლებიც ამ პლატფორმებზე ბოლო დრომდე თავისუფლად იყიდებოდა. კვლევის შედეგების მიხედვით, არცერთმა პროდუქტმა დამაკმაყოფილებელი შეფასება ვერ მიიღო:
 
სამი პროდუქტი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა გაყიდვაც ევროკავშირის ტერიტორიაზე საერთოდ აკრძალულია;
 
ექვსმა კრემმა ვერ უზრუნველყო შეფუთვაზე მითითებული დამცავი ინდექსის (SPF) შესაბამისი ეფექტი;
 
ოთხი მათგანი კი საერთოდ არ ბლოკავს ულტრაიისფერ (UV) სხივებს.

ექსპერტები მომხმარებლებს მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ მსგავსი ჰიგიენური თუ კოსმეტიკური საშუალებების არასერტიფიცირებულ ონლაინ-პლატფორმებზე შეძენას, რადგან ისინი რეალური დაცვის ნაცვლად, კანს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ.