ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე მერვედფინალური მატჩი დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონების და ეგვიპტის დაპირისპირებაში აფრიკელების წარმატების მოლოდინი მათ გულშემატკივართა უმეტეს ნაწილსაც კი არ ჰქონდა, თუმცა, უკვე მე-15 წუთზე არგენტინელთა კარში გოლის გატანის და რამდენიმე წუთში მეკარე მუსტაფა შობაირის მიერ ლიონელ მესის დარტყმული თერთმეტმეტრიანის მოგერიების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ფინალურ სასტვენამდე შეხვედრის საბოლოო შედეგის გამოცნობა.
პირველ ტაიმში მუსტაფა შობაირმა პენალტის გარდა ორჯერ გადაარჩინა კარი გოლს და ეგვიპტემ შესვენებისთვის ანგარიში შეინარჩუნა.
მეორე ტაიმი არგენტინელთა შეტევებით დაიწყო. ეგვიპტელები მთელი გუნდით იცავდნენ თავს და სწრაფი კონტრშეტევების იმედზე იყვნენ. სწორედ ასეთი კონტრშეტევის დროს გოლიც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერის დახმარებით მსაჯმა შეტევის ერთ მომენტში მათი მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
არგენტინელებმა შეტევები უშედეგოდ განაგრძეს, ეგვიპტელებს კი კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ და ამჯერად კარი წესების სრული დაცვით აიღეს.
79-ე წუთზე მესის ჩაწოდებულ ბურთზე კრისტიან რომერომ დაასწრო მცველებს და თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
84-ე წუთზე ლიონელ მესიმ მიმდინარე ჩემპიონატში მერვე, სულ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კი 22-ე გოლი გაიტანა.
90+3' წუთზე ფერნანდესმა მესამე გოლი გაიტანა ეგვიპტელთა კარში
არგენტინა - ეგვიპტე 3:2(0:1)
გოლი: 15' იასერ იბრაჰიმი 0:1, 67' მოსტაფა ზიკო 0:2, 79' კრისტიან რომერო 1:2, 84' ლიონელ მესი 2:2, 90+3' ენცო ფერნანდესი 3:2
21-ე წუთზე ლიონელ მესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ეგვიპტელთა მეკარე მუსტაფა შობაირმა მოიგერია.
შეგახსენებთ სხვა უკვე გამართული მერვედფინალური შეხვედრების შედეგებს:
მაროკო - კანადა 3:0(0:0)
საფრანგეთი - პარაგვაი 1:0(0:0)
ნორვეგია - ბრაზილია 2:1(0:0)
ინგლისი - მექსიკა 3:2(2:1)
ესპანეთი - პორტუგალია 1:0(0:0)
ბელგია - აშშ 4:1(2:1)




