ორშაბათს, 1 მაისს, შვეიცარია პირველად გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთი როტაციით შეცვალა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით, იგი აპირებს, გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც შუამავალმა და თანაშემწემ დიალოგის დამყარებაში, განუცხადა ჟურნალისტებს გაეროში ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა.
იმავდროულად, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის დაწყებიდან, შვეიცარიის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია მის ნეიტრალიტეტულ პოლიტიკასთან, არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ. კერძოდ, ბერნის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადო ვეტო სხვა ქვეყნების მიერ შვეიცარიაში წარმოებული იარაღის კიევისთვის გადაცემას. გარდა ამისა, მან უარი თქვა სანქცირებული რუსების კერძო აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გამოყოფაზე და ასეთი აქტივების გაყინვას მიემხრო.
აპრილში რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს ღონისძიებებს უმასპინძლა. ერთ-ერთ მათგანზე მან დასავლეთს უწოდა "უმცირესობა", რომელსაც არ აქვს უფლება "ილაპარაკოს მთელი კაცობრიობის სახელით". ლავროვის მონაწილეობით შეხვედრები სხვა მონაწილეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს. კერძოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა "იწვევს დიდ ტანჯვასა და განადგურებას", ასევე ამძაფრებს ეკონომიკურ არეულობას, რომელიც გამოწვეულია COVID-19 პანდემიით. "მსხვილ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ოლოფ სკუგმა დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოსკოვის მიერ გაეროს წესდების შეუსრულებლობა. "რუსეთი ცდილობს, თავი გაეროს წესდებისა და მულტილატერალიზმის დამცველად წარმოაჩინოს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სანამ რუსეთი ანგრევს, ჩვენ ვაშენებთ. სანამ ისინი არღვევენ, ჩვენ ვიცავთ. გაეროს წესდება, გაეროს გენერალური ასამბლეა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - სადაც არ უნდა გაიხედოთ, რუსეთს ყველა ემიჯნება", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა რუსეთის ფედერაცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და მის მიერ გაჩაღებულ ომს "არაკანონიერი, არაპროვოცირებული და არასაჭირო" უწოდა. "რუსეთს უბრალოდ საერთაშორისო საზღვრების გადახაზვა ძალის გამოყენებით და გაეროს წესდების დარღვევით სურს. ის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ეს ორგანიზაცია იცავს", - თქვა მან.