სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა ექსტრემალურ სიცხეს ეროვნული კატასტროფა უწოდა მას შემდეგ, რაც მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში 19 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლი ჯე მიონგმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მიიღონ აუცილებელი ზომები მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად და შეამოწმონ ელექტროენერგიის სისტემები, რადგან კონდიციონერების მოხმარების ზრდასთან ერთად ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მკვეთრად გაიზარდა.
„კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ამინდის ანომალიური პირობების გამო ექსტრემალური ამინდი, დიდი ალბათობით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ იანგსანში ჰაერის ტემპერატურამ 42.5 გრადუს მიაღწია, რაც 122-წლიანი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ინფორმაციით, რეკორდული სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, მათგან 13 ადამიანი 80 წლის ან უფროსი ასაკის იყო.




