სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა. ამის შესახებ განცხადება ფიცომ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ურსულა ფონ დერ ლაინეთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები გაამჟღავნა.
მისი თქმით, საუბარი ეხებოდა აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ დაანონსებულ ტარიფებს, რომლებიც სავარაუდოდ სლოვაკეთსაც დააზიანებს.
„მან მითხრა, რატომ გააკეთე ეს? რატომ დათანხმდი მოლაპარაკებებს ამ ტრამპთან. ის ნახევარი საათი მლანძღავდა, მეუბნებოდა რომ სრული იდიოტი ვარ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ამასთან, ფიცომ განაცხადა, რომ ის ტარიფების პრობლემების მოგვარების საკითხზე აქტიურობას მაინც განაგრძობს. ფიცო ელოდება, რომ აშშ-ის ტარიფები ყველაზე მეტად სლოვაკეთის საავტომობილო წარმოებას დააზიანებს.
„სულ ცოტა ხანში შედგება მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, ჩვენ მათ ყურადღებით მოვუსმენთ, ვნახოთ, რა ზომებს შემოგვთავაზებენ და შემდეგ პროფესიონალურად წარვუდგენთ მათ ევროკომისიას, რომ ევროკავშირმა აწარმოოს მოლაპარაკებები და ერთად მოახდინოს რეაგირება“, – განაცხადა ფიცომ.
თარგმანი: პირველი არხი