რობერტ ფიცომ დღეს, 23 იანვარს, ქვეყანაში "სახელმწიფო გადატრიალების" საშიშროების გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია რომლის შესახებაც, ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა აცნობეს. სლოვაკეთის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გერმანული მაუწყებელი DW ავრცელებს.
ფოცოს განმარტებით, არსებობს კანონიერი ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომელიც სხვა ქვეყნებში გამოცდილი მოდელით, ითვალისწინებს ქუჩის საპროტესტო აქციებს და ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას.
საჯაროდ რაიმე დეტალების და მტკიცებულებების მოყვანის გარეშე, ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთში არსებობს სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებული ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ანალოგიურ პროცესებში მონაწილეობდა საქართველოსა და უკრაინაში.
22 იანვარს, ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა "პროგრესულმა სლოვაკეთმა", "თავისუფლება და სოლიდარობამ" და "ქრისტიან-დემოკრატების მოძრაობამ" პარლამენტს ხელახლა მიმართეს. კენჭისყრა შვიდი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამ ოპოზიციურ პარტიას სლოვაკეთის 150-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს.
ოპოზიციონერების მხრიდან ფოცოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სხდომაზე 21 იანვარსაც უნდა განეხილათ, თუმცა ოპოზიციამ წინადადება გაიწვია, ხოლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც სპიკერმა ფიცოს მიმართვა დააკმაყოფილა და სხდომის დახურული რეჟიმით ჩატარება გადაწყვიტა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა მოგვიანებით სხდომის დახურვის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ დეპუტატებისთვის უნდა წარედგინა სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენება სლოვაკეთში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ.