უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კონტრშეტევის „მთავარი მოვლენა“ ჯერ კიდევ წინ არის. როგორც მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო კვირებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების განთავისუფლება "მხოლოდ რეპეტიციაა ბევრად უფრო სერიოზული დარტყმისთვის".

"როდესაც ეს მოხდება, თქვენ ნახავთ ყველაფერს... ყველა დაინახავს ყველაფერს”, - თქვა რეზნიკოვმა და დაადასტურა, რომ უკრაინის ძალების ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებიც ახლახან გაწვრთნეს დასავლეთში და აღჭურვილი არიან ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, ჯერ არ ჩართულან კონტრშეტევაში.

"ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ მათ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, ან ტერიტორიები. მათ ეშინიათ უფროსობასთან ანგარიშის წარდგენის”, - ამბობს რეზნიკოვი.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ შეიარაღებულ აჯანყებას ჯერჯერობით ვითარება არ შეუცვლია ბრძოლის ველზე, თუმცა მისივე თქმით, ის გახდა რუსეთის დაუცველობის „ნათელი ილუსტრაცია“. რეზნიკოვის თქმით, ეს ყველაფერი დაეხმარება დასავლეთს იმის გაცნობიერებაში, რომ უკრაინის გამარჯვება აბსოლუტურად რეალურია და ძალიან ახლოსაა.