Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდას აპირებს იმ დონეზე, რომელიც გადააჭარბებს დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მიწოდებულ დონეს, რათა ჩინეთის შეკავება მოხდეს იმ ფონზე, როცა პეკინი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო წნეხს ზრდის.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ტაივანისთვის იარაღის მიყიდვაზე გაცემული თანხმობები, მათი ვარაუდით, ტრამპის პირველი ვადის მაჩვენებელს გადააჭარბებს.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ აშშ ტაივანის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ შეეწინააღმდეგონ მთავრობის ძალისხმევას, რომ თავდაცვის ხარჯი კუნძულის მშპ-ს 3%-მდე გაიზარდოს.
Reuters-ის გამოთვლით, ტრამპის ადმინისტრაციამ პირველი ვადის დროს ტაივანისთვის დაახლოებით $18.3 მილიარდის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში ეს მაჩვენებელი $8.4 მილიარდი იყო.
გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ასევე უთხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და თავად ტრამპი მიზანდასახულნი არიან ტაივანისთვის "მტკიცე შეკავების" შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ.