Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ საგანგებო რეჟიმში მუშაობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს მოჰყვა.

ინციდენტი ღამით მოხდა, რა დროსაც ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. სააგენტოს წყაროების ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა საწარმოს საკვანძო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე.

ქარხნის ოპერირება სრულად შეჩერებულია, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი დაზიანებები და ხანძრის გავრცელება.

საწარმოს წარმომადგენლები და ტექნიკური ჯგუფები ამჟამად აფასებენ მიყენებულ ზიანს. არსებული ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოებმა შესაძლოა, კვირებს ან თვეებს გასტანოს.

ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა დაშავებულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

აღნიშნული ქარხანა რუსეთის შიდა ბაზრისთვის საწვავის მიწოდების კუთხით სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საწარმოს გაჩერებამ შესაძლოა, დროებითი დეფიციტი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვიოს რეგიონში.

უკრაინული მხარე ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ახორციელებს იერიშებს რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიევის მიზანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ფრონტის ხაზის ლოგისტიკური მხარდაჭერის შესუსტება.

რუსული მხარე ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტოების ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევების ვარდნამ კრიტიკული დაზიანებები გამოიწვია.