Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის სტრატეგიული რეზერვი (SPR) 1983 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეზერვების კლება გლობალურ ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისა და მიწოდების შეფერხებების დაბალანსების მცდელობებს უკავშირდება.
სააგენტოს ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში სტრატეგიული მარაგი მილიონობით ბარელით შემცირდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეზერვების ასეთი მკვეთრი კლება განპირობებულია თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ბაზარზე დამატებითი მოცულობები გამოეშვა, რათა შეემცირებინა საწვავის ფასები მომხმარებლებისთვის და ჩაეხშო ინფლაციური წნეხი.
"მარაგების ამ დონემდე შემცირება აჩენს კითხვებს აშშ-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ შესაძლო გრძელვადიანი კრიზისების ან მიწოდების მოულოდნელი წყვეტის შემთხვევაში. თუმცა, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გეგმავს მარაგების შევსების პროცესის დაწყებას, როგორც კი ბაზარზე ნავთობის ფასი ხელსაყრელ ნიშნულს მიაღწევს", - წერს Reuters.
ენერგეტიკული ბაზრის ექსპერტები შიშობენ, რომ სტრატეგიული რეზერვის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანამ, შესაძლოა, საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდა წაახალისოს, რადგან ტრეიდერები ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ აშშ-ს, ადრე თუ გვიან, მილიონობით ბარელის უკან შესყიდვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი მსოფლიოში უდიდესი საგანგებო მარაგების სისტემაა, რომელიც 1970-იანი წლების გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ შეიქმნა, რათა ქვეყანა დაცული ყოფილიყო ნავთობის მიწოდების მკვეთრი შეფერხებებისგან.








