Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებსა და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 2025 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის საიდუმლო სამხედრო თანამშრომლობა შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა პირადად გასცა ნებართვა რუსი სამხედროების ჩინეთში გადასროლისა და წვრთნებში მონაწილეობის შესახებ.

რუსეთსა და ჩინეთს შორის საიდუმლო წვრთნების შესახებ შეთანხმებას ხელი 2025 წლის 2 ივლისს, პეკინში მოეწერა.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ბაზებზე ჩატარებულ სწავლებებში, მათ შორის, შედიოდა სამკვირიანი კურსი რადიოლოგიურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდაცვაზე. გარდა ამისა, რუსი სამხედროები სწავლობდნენ დრონების გამოყენებას, ასაფეთქებელი ნივთიერებების მართვას, ნაღმებთან მუშაობასა და რადიოელექტრონულ ბრძოლას.

სააგენტოს ცნობით, წვრთნებში, რომელიც პეკინსა და ნანჯინგში გაიმართა, მონაწილეობდა დაახლოებით 200-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. დოკუმენტები ადასტურებს, რომ პროცესში ჩართული იყვნენ მაღალი რანგის რუსი და ჩინელი გენერლები.

არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩინეთში გაწვრთნილი ზოგიერთი სამხედრო, სწავლების დასრულების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში იქნა გაგზავნილი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა და კვლავ განაცხადა, რომ პეკინი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ბრიუსელმა საკუთარი არხებით უკვე გადაამოწმა წვრთნების ჩატარების ფაქტი და ახლა მათი გავლენის შეფასება მიმდინარეობს.