რადიკალური ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულად არის აღიარებული, შეიარაღებულია რუსული საზენიტო რაკეტებით "იახონტ", რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული გემების წინააღმდეგ,– წერს Reuters წყაროზე დაყრდნობით.

გასული კვირის ბოლოს "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ ჯგუფს "რაღაც აქვს" ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყებიდან მალევე, განლაგებული ამერიკული გემებისთვის.

Reuters-ის თანამოსაუბრეებმა ლიბანში განაცხადეს, რომ ნასრალა გულისხმობდა "ჰეზბოლას" მნიშვნელოვნად გაზრდილ სამხედრო პოტენციალს, რომელიც მოიცავს რუსულ რაკეტებს და რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია. სააგენტო ასევე აღნიშნავს მანამდე ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ლიბანურმა დაჯგუფებამ სირიაში შეიძინა რაკეტები. "ჰეზბოლა" იქ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის მხარეს იბრძოდა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, დაჯგუფებას სხვა იარაღიც აქვს გარდა რუსული რაკეტებისა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ჰეზბოლას არსენალში რუსული რაკეტების არსებობის თაობაზე. დაჯგუფების და სირიული მხარის წარმომადგენლებმა სააგენტოს მოთხოვნას კომენტარის თაობაზე არ უპასუხეს.