შეერთებული შტატები ოქტომბრის დასაწყისიდან ჩინეთში ჩიპებისა და მათი წარმოებისთვის განკუთვნილი საშუალებების ექსპორტის აკრძალვის გამკაცრებას ემზადება. საუბარია ნახევარგამტარების წარმოებისთვის უფრო მოწინავე საშუალებებზე წვდომის შეზღუდვაზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის შეზღუდვებში არსებული გარკვეული ხარვეზების დახურვაზე, – იუწყება Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით.
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის კონტროლის წესები გამოქვეყნდა 2022 წლის 7 ოქტომბერს. შეზღუდვები დაწესდა ჩინეთის არმიის საჭიროებებისთვის ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ისინი ზღუდავენ ჩინეთის ხელმისაწვდომობას უახლეს ტექნოლოგიებზე და ამცირებენ მის უნარს, მოახდინოს ჩიპების წარმოებისთვის საჭირო პროდუქტების შეერთებული შტატებიდან იმპორტი.
„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადაფასებას და ექსპორტის კონტროლის ბოროტად გამოყენება ჩინეთის საწარმოების თვითნებურად დასუსტებისთვის“, - თქვა ლიუ პენიუმ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.
თუმცა შეზღუდვების საბოლოო ვერსიის შემუშავების ტექნიკური სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. "საბოლოო გეგმები ამ დროისთვის არ არის დამტკიცებული", - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე არ ჩქარობს დამატებითი სანქციების დაწესებას, რათა არ შეაფერხოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შესაძლო ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ნოემბერში სან-ფრანცისკოში. ოფიციალური პირები ცდილობენ, თავიდან აირიდონ წესების გამოქვეყნება სამიტის წინ. ნებისმიერი წესი, რომელიც არ არის მზად გამოსაქვეყნებლად ოქტომბრის დასაწყისისთვის, სავარაუდოდ გადავადდება ღონისძიების შემდეგი პერიოდისთვის,– დასძინეს მათ.