ევროპული სახელმწიფოები, უკრაინულ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა Reuters ავრცელებს.
განხილვები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე, უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა, პრაქტიკულად გამორიცხა.
მასალაში ნათქვამია, რომ აღნიშნული იდეის ავტორი, რომლის განხილვები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია. ევროპელ მოკავშირეებს ამგვარი სამხედრო მისიის მანდატსა და დანიშნულებაზე, კონსენსუსი ჯერ არ აქვთ; ზოგი მათგანი კი ამგვარი ინიციატივის ამ ეტაპზე საჯაროდ განხილვის მიზანშეწონილობაშიც არ არის დარწმუნებული.
ავტორის თქმით, ევროპელ ლიდერებს არ სურთ ვლადიმირ პუტინმა მათი სისუსტე დაინახოს და, ამგვარად, ფოკუსი უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე აქვთ.
მიუხედავად ამისა, ევროპელი ლიდერები, კულისებს მიღმა განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის განიხილება დიდი საერთო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის იდეაც.
სავარაუდოა, რომ ამგვარი მისიის ორგანიზება ევროპული სახელმწიფოებისთვის მარტივი არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი მთელი ძალით ჯერ კიდევ არ ამუშავებულა.
ევროპული არმიები, მსგავსი დიდი სამხედრო მისიების ორგანიზების ნაწილში, როგორც წესი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყრდნობიან, თუმცა, 7 დეკემბერს პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობა.
"ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში ევროპელებს გაგზავნიან, ან ნატოში გაწევრიანების ფარგლებში, რისი იმედიც კიევს აქვს, ან ორმხრივი შეთანხმებებით"- ნათქვამია მასალაში.
საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ევროპული არმიების სარდლები უკვე ამზადებენ შესაბამის სამხედრო გეგმებს თავიანთი ლიდერებისთვის.
სავარაუდოა, რომ ამგვარი სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის მიერ იქნება ფორმირებული.
მაკრონის ინიციატივას ევროპელი მოკავშირეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთს არ აქვს მსგავსი გეგმები.
მალევე გავრცელდა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის კომენტარიც, რომელმაც მომავალში უკრაინაში გერმანული ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, თუმცა დასძინა, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ საკითხი შესაძლოა ბრიუსელში გამართულ ნატოს შეხვედრაზე განხილულიყო. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კოლეგებს ამ საკითხის საჯარო განხილვისას თავშეკავებისკენ მოუწოდა - "თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს საჯაროდ განვიხილავთ, რატომ დაჯდება პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან".
ანალიტიკოსების ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა იქნება ასეთი მისიის დანიშნულება: ეს იქნება სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგით იქნება დაკავებული, თუ ეს იქნება ეფექტური შემაკავებელი ძალა რუსეთის შესაძლო აგრესიის წინაშე.
გამოცემის წყაროების ცნობით, იტალიელები უფრო მეტად სამშვიდობო კონტინგენტზე საუბრობენ, ხოლო ფრანგები და უკრაინელები ეფექტური შემაკავებელი ძალის აუცილებლობაზე.
Reuters-ის უკრაინული წყაროს თქმით, მისიაში, შესაძლოა, 8 ევროპული სახელმწიფო ჩაერთოს. ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები, სამხედრო კონტინგენტის ზომის შესახებ, განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ. ეს დამოკიდებული იქნება მისიის შინაარსზე, თუმცა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ 40-ათასიანი კონტინგენტი უკრაინაში გაგზავნა, რეალურია.
ამგვარი ზომის ოპერაციაში როტაციის, მომარაგებისა და სხვა მხარდამჭერი დანაყოფების გათვალისწინებით, ჯამში 100 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, ფრანც სტეფან გადი ამბობს, რომ ამ მოცულობის კონტინგენტის ორგანიზება ევროპის სახმელეთო არმიებისთვის მარტივი არ იქნება და, შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა სამშვიდობო მისიების შემცირება, მაგალითად ბალკანეთში.
გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამგვარი კონტინგენტის შემადგენლობა და მანდატი, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.
წყაროს ცნობით, იტალიური მხარე ითხოვს, რომ მისია გაეროს ფორმატში ჩამოყალიბდეს, თუმცა ევროპელი ქვეყნების უმრავლესობა წინააღმდეგები არიან, რადგანაც მიიჩნევენ, რომ რუსეთი, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია, პროცესის ობსტრუქციისთვის ყველაფერს გააკეთებს.