ბოლო კვირის განმავლობაში, დასავლეთ ბულგარეთის მთებში ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საქმეს თან ახლდა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და უცნაური გარემოებები, რამაც პროკურორი აიძულა, ორი სამმაგი სიკვდილის ფაქტი 1990-იანი წლების დეტექტიურ სერიალ Twin Peaks-სთვის შეედარებინა. 

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

"ეს საქმე უნიკალურია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული პოლიციის მთავარმა დირექტორმა ზაქარი ვასკოვმა.

პროკურორები ეჭვობენ, რომ სიკვდილი შესაძლოა მკვლელობა-თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობა ყოფილიყო, გაურკვევლობა კი ბულგარელებში სპეკულაციებსა და შეთქმულების თეორიებს აძლიერებს. კვირას, პოლიციამ ოკოლჩიცას პიკთან ახლოს მდებარე საკემპინგე სახლში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის 15 წლის ბიჭის. გამომძიებლები თვლიან, რომ ისინი დაკავშირებულია სამმაგ მკვლელობასთან, რომელიც ერთი კვირით ადრე მოხდა პეტროჰანის მახლობლად მდებარე მთის ქოხთან, რომელიც შემდგომში დაიწვა.

ქოხი ბუნების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზად გამოიყენებოდა, თუმცა ზოგიერთი წყარო მის წევრებს „ტყის რეინჯერებსაც“ უწოდებდა, რომლებიც წლების განმავლობაში პატრულირებდნენ სერბეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიას და ეხმარებოდნენ სასაზღვრო პოლიციას.

პოლიციის ცნობით, ხუთი მსხვერპლი არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული ტერიტორიების მართვის ეროვნული სააგენტოს“ წევრები იყვნენ და ქოხში ცხოვრობდნენ. 15 წლის ბიჭი კი მსხვერპლის მეგობრის შვილი იყო.