ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ და ირანი ხვალ ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ს მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო ირანის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.
რეგიონული ოფიციალური პირის თქმით, ირანმა მოლაპარაკებების ტრადიციული ლოკაციის შეცვლა თურქეთიდან ომანში მოითხოვა, რათა განხილვები არ გაფართოებულიყო ისეთ თემებზე, როგორიცაა თეირანის ბალისტიკური რაკეტები.
ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავის მასშტაბურ ბალისტიკურ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებს არ აპირებს და ამ თემას მოლაპარაკებების "წითელ ხაზად" მიიჩნევს.
რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ირანი თავიდანვე უსვამდა ხაზს იმას, რომ მხოლოდ თავის ბირთვულ პროგრამას განიხილავდა, მაშინ როცა ვაშინგტონს დღის წესრიგში სხვა საკითხების შეტანაც სურდა.
ასევე მოსალოდნელი იყო რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყნის მინისტრების დასწრება, მათ შორის პაკისტანის, საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების, თუმცა რეგიონულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ თეირანს აშშ-სთან მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა სურდა.








