ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა. მან შესაბამისი სამკერდე ნიშანი მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულინისგან მიიღო. ასეთი წოდება რუსეთში გადაეცემათ სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს.

კადიროვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს. ჯილდო ჩეჩნეთის ხელმძღვანელს გადაეცა ფორმულირებით: " პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის".

რამზან კადიროვი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია, ფლობს რუსეთის გმირის წოდებას, მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება, ასევე გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, აქვს ასზე მეტი მედალი, სხვადასხვა დონის ორდენები და ტიტულები, მათ შორის, მაგალითად, საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდება.