საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით  პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე  პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებსა და მის მძიმე შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ასევე გააცნეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობა. აღინიშნა, რომ კოორდინატორების პრიორიტეტია მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი თუ მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციაა.

მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას  მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.