ამის შესახებ სლოვენიური მედია იუწყება.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, გერმანელი მანფრედ ვებერის, „სლოვენიის დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტის და 2004-2008, 2012-2013 და 2020-2022 წლებში სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანშას და „ახალი სლოვენია-ქრისტიან დემოკრატების“ პრეზიდენტის, იერნეი ვრტოვეცის გარდა, დღეს ლიუბლიანაში პრესის წინაშე ევროკომისრები, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი და იტალიელი რაფაელე ფიტოც გამოვიდნენ. ანდრიუს კუბილიუსი ევროპის სახალხო პარტიის, ხოლო რაფაელე ფიტო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პარტიის წევრია. ევროპარლამენტის ფრაქციების - „განაახლე ევროპა“ და „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ - ლიდერები, ფრანგი ვალერი ჰეიერი და ესპანელი ირაჩე გარსია, რომლებიც ამ დღეებში ასევე იმყოფებიან სლოვენიაში, ევროკომისრებს აკრიტიკებენ. მათი მტკიცებით, ფიტო და კუბილიუსი არღვევენ კომისრების ქცევის კოდექსს და ხელს უწყობენ კომისრების გუნდის პოლიტიზებას.
„ჩვენ ამას ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის სრულ დარღვევად მივიჩნევთ“, - განუცხადა euractiv-ს კატრიენ მარტენს-პრეისმა, ევროპარლამენტის ფრაქციის, „განაახლე ევროპა“, ლიდერის, ვალერი ჰეიერის პრესსპიკერმა.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ კომისართა ამჟამინდელი კოლეგიის მზარდი პოლიტიზაციით. ჩვენი აზრით, ორი კომისრის დღევანდელი მონაწილეობა პრესკონფერენციაზე ეროვნული არჩევნების კონტექსტში, ევროკომისიის შიდა წესების დარღვევაა“ და „არსებობს კომისიის როგორც მთელი კავშირის ინტერესების მომსახურე ნეიტრალური და მიუკერძოებელი ინსტიტუტის მიმართ ნდობის შერყევის რისკი“ - დასძინა „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელმა.
ერთიანობის და რეფორმების საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, რაფაელე ფიტოს პრესმდივანმა, კატია ბელანტონემ, euractiv-ს განუცხადა, რომ ფიტო იანეზ იანშას და იერნეი ვრტოვეცის „წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს" და „ეს შეხვედრა იყო შემდეგი მრავალწლიანი ფინანსური გეგმის შესახებ იმ დიალოგის ნაწილი, რომელსაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აწარმოებს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და ეროვნულ დელეგაციების წევრებთან“.
ანდრიუს კუბილიუსის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კომისარი ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის კამპანიას აწარმოებს და შესაძლებლობას იყენებს მინისტრებთან და პარლამენტარებთან შესახვედრად და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ეს მოიცავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს, ასევე ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლას.
სლოვენიაში მარტის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პარლამენტის 90 მანდატიდან 45-ს მემარჯვენე რადიკალები („სლოვენიის დემოკრატიული პარტია“ და მასთან კოალიციაში მოაზრებული „ახალი სლოვენია-ქრისტიან დემოკრატები“ და „დემოკრატები“) მიიღებენ, 43-ს კი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები (ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პარტია „თავისუფლება“ და მასთან კოალიციაში მოაზრებული „სოციალ-დემორატები“, „ლევიკა“ და „პრეროდი - ვლადიმერ პრერობიჩის პარტია“).
სლოვენიური პრესის ცნობით, „განაახლე ევროპის“ ლიდერმა, ვალერი ჰეიერმა, განაცხადა, რომ „ყველამ, ვინც დემოკრატიის სჯერა, არჩევნებში გოლობსა და „თავისუფლებას“ უნდა დაუჭიროს მხარი“. მან ასევე აღნიშნა, რომ იანშა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მოკავშირეა და დასძინა, რომ იანშა და ორბანი სლოვენიასა და უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდნენ.
ზემოჩამოთვლილ ევროპარლამენტარებსა და ევროკომისრებთან ერთად სლოვენიაში ასევე მყოფი სლოვენიელი ევროკომისარი, მარტა კოსი, რომელმაც 2023 წელს პრემიერ-მინისტრ გოლობთან დაპირისპირებულ შინაგან საქმეთა მინისტრ ტატიანა ბობნარს დაუჭირა მხარი და დატოვა პარტია „თავისუფლების“ ვიცე-თავმჯდომარის პოსტი და პარტია, პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობს სამუშაო საუზმეზე შეხვდა რაფაელე ფიტოსთან და ანდრიუს კუბილიუსთან ერთად, თუმცა, შემდეგ მასთან ერთად არ გამოჩენილა, მანფრედ ვებერმა კი სამუშაო საუზმეზე დასწრებაც არ ისურვა.




