პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა გახდა უკრაინის დახმარების მთავარი მიმწოდებელი და ამით აშშ ჩაანაცვლა, შესაბამისად, მას სრულად ეკუთვნის ადგილი რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში აშშ-ის ლიდერის როლი ბუნებრივი იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც სწორედ აშშ იყო უკრაინის დახმარების მთავარი დონორი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპული დახმარების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ახლა ჩვენ ვიხდით ამ ომის ფასს. გასული წლის განმავლობაში ამერიკის ხარჯები ამ ომზე თითქმის ნულოვანი იყო. ჩვენ ვყიდულობთ ამერიკულ იარაღს, რომელიც უკრაინას მიეწოდება. აშშ-ის კონგრესში არ არსებობს არცერთი დახმარების პაკეტი და არც მისი გაჩენის პერსპექტივა. ხოლო თუ ჩვენ ვიხდით, თუ ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხიცაა, და არა მხოლოდ უკრაინის, მაშინ ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ომის იმპერიულ-კოლონიურ ხასიათზე, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, და აღნიშნა, რომ ეს ომი არის გაგრძელება იმ ყველაფრისა, რაც წინა საუკუნეებში ხდებოდა.
მან გაიხსენა ცარისტულ რუსეთში უკრაინულენოვანი წიგნების აკრძალვა, ჰოლოდომორი და საბჭოთა პერიოდში ინტელიგენციის განადგურება.
„პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ყველა დიქტატორსა და დამპყრობელს სურს მშვიდობა. თუ დანებდებით, კაპიტულაციას გამოაცხადებთ, მაშინ იქნება მშვიდობა. მაგრამ რა პირობებით? რუსეთს შეუძლია უკრაინულობის მოთმენა, როგორც „პროვინციული რუსული ფოლკლორის“ ერთ-ერთი სახეობის. მაგრამ რუსეთი, ან სულ მცირე პუტინი, ვერ შეეგუება უკრაინის არსებობას, როგორც ერისა, რომელსაც საკუთარი იდენტობა, ისტორია და უსაფრთხოების ინტერესები აქვს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
„ახლა ამ ომში მთავარი კითხვა არის თუ ვინ გატყდება პირველი. უკრაინელები აჩვენებენ, რომ ფრონტზე ისინი არ გატყდებიან. რუსეთის წინსვლა უმნიშვნელოა. ისტორია გვასწავლის, რომ მოსახლეობის დაბომბვა აქ არ მუშაობს… ამიტომ, რეალური კითხვა არის შემდეგი – როდის ამოეწურება პუტინს რესურსი ამ ომის საწარმოებლად და როდის გატყდება რუსეთის ეკონომიკა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თარგმანი: პირველი არხი






