რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, უკრაინის ომში მონაწილე უცხოელ დაქირავებულებს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭებათ.

ამავე დროს, პუტინის განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭებათ მხოლოდ იმ უცხოელებს, რომლებიც ომში მონაწილეობის კონტრაქტს, სულ მცირე, ერთი წლით მოაწერენ ხელს.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ იმ დაქირავებულებმაც, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზღვრული ასაკის ან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდნენ.

2023 წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან და იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიგრანტებზე რეიდები გახშირდა: ადამიანებს იჭერენ ბაზრებში, სამშენებლო ობიექტებზე, საერთო საცხოვრებლებში, მეჩეთებსა და მასობრივი შეკრების სხვა ადგილებში. უსაფრთხოების ძალები აწყობენ რეიდებს სამხედრო კომისარიატების თანამშრომლებთან ერთად, ურიგებენ გამოძახების უწყებებს ადგილზე დაჭერილებს ან დაუყოვნებლივ აწვდიან მათ მონაცემებს სამხედრო კომისარიატებს. რუსეთში შრომითი მიგრანტების უმრავლესობას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები შეადგენენ. ბევრმა მათგანმა უკვე მოახერხა რუსეთის მოქალაქეობის მიღება, რის გამოც ისინი ვალდებული არიან წავიდნენ უკრაინაში მიმდინარე ომში.