თეთრ სახლს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"მიუხედავად იმ ხმაურისა, რომელიც მე მოვისმინე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი პუტინის შესახებ, რომ მას მოულოდნელად სურდა მოლაპარაკება, ის ნამდვილად არ იქცევა იმ ადამიანის მსგავსად, რომელსაც მოლაპარაკება სურს." - აღნიშნა კირბიმ.
მისი სიტყვების დასადასტურებლად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასიურ თავდასხმებს უკრაინის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
"ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელები დააჩოქოს და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტის მიერ ინიციირებული დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა დამტკიცდეს," - თქვა მან.