კითხვაზე, იცვლება თუ არა ე.წ. სპეცოპერაციის მიზნები, პუტინმა თქვა, რომ "ისინი იცვლება გარემოებების მიხედვით, მაგრამ ზოგადად უცვლელი რჩება". ამის შესახებ მან სამხედრო ბლოგერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"დენაციფიკაციაზე" საუბრისას, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თეზისები სტეპან ბანდერასა და უკრაინის ხელისუფლებაში თითქოს მოსული ნეონაცისტების შესახებ. პუტინმა, ასევე, გაიმეორა დასავლეთის მიმართ ბრალდებები და თქვა, რომ მან "მოძმე ერები" ერთმანეთს წაჰკიდა.

პუტინმა, გასული წლის 24 თებერვალს, ტენდენციური ისტორიული და გეოპოლიტიკური არგუმენტების გამოყენებით ე. წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების თაობაზე განაცხადა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ომი წელიწადზე მეტია, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე ფრთხილი შეფასებით, ორივე მხრიდან ათიათასობით ჯარისკაცი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია მოახერხა, რომელთა ანექსიაც გამოაცხადა. უკრაინამ, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება შეძლო. ბოლო დღეებში, უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს.