დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სატელიტებს „ეშინიათ დიდი, ძლიერი რუსეთის“, თუმცა ამას ამაოდ აკეთებენ.

„ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ეს სრული სისულელეა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოატყუონ თავიანთი მოსახლეობა“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს NATO-სთან ომს, განსხვავება სამხედრო ხარჯებში საკმაოდ დიდია. მისი თქმით, 2022 წელს აშშ-ს 811 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო ხარჯი ჰქონდა, ხოლო რუსეთს 72 მილიარდი. მისივე თქმით, NATO-ს საზღვრებისკენ რუსეთი არ მიიწევდა და ეს პირიქით მოხდა.

„ჩვენ არავის ვეხებოდით - ისინი მიდიოდნენ ჩვენკენ. ჩვენ რა, ოკეანის იქით გადავედით შეერთებული შტატების საზღვრამდე? არა, ისინი გვიახლოვდებიან და ახლოს არიან. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა პუტინმა.