რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგანმანათლებლო და იდეოლოგიური მიმართულებით ახალი ინიციატივა გააჟღერა. მისი მტკიცებით, სირთულეების თავიდან ასაცილებლად და ახალგაზრდა თაობისთვის უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების "სწორი" ვერსიის მისაწოდებლად, სასურველია, მასწავლებლებმა და მშობლებმა რთული გეოპოლიტიკური პროცესები ბავშვებს ალეგორიულად — ცხოველებისა და ბუნების მაგალითების გამოყენებით აუხსნან.

კრემლის ლიდერის შეფასებით, ტრადიციული პოლიტიკური და ისტორიული არგუმენტები მოზარდებისთვის, შესაძლოა, რთულად აღსაქმელი იყოს, ამიტომ ბავშვების ფსიქოლოგიაზე მანიპულირების მიზნით, საბაზისო იდეოლოგიური ნარატივები ილუსტრაციული და ზღაპრული ფორმებით უნდა ჩამოყალიბდეს.

რუსეთის საგანმანათლებლო სისტემა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ცდილობს სასკოლო სახელმძღვანელოებისა და პროგრამების სრულ ადაპტირებას ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციებთან. ამ სტრატეგიის ნაწილია ისეთი ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში, ომისადმი მიმღებლობისა და მტკიცე მხარდაჭერის განვითარებას.

დამოუკიდებელი ექსპერტები და ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მიდგომები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ბავშვების კრიტიკული აზროვნება ჩაახშონ და სამხედრო აგრესია გარდაუვალ, "ბუნებრივ" მოვლენად წარმოადგინონ.

რუსული მედიისა და ოფიციალური უწყებების ცნობით, მსგავსი რეკომენდაციები უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ოფიციალურ მეთოდურ სახელმძღვანელოებშიც აისახოს, რათა მასწავლებლებმა ისინი კლასებში ყოველდღიური პრაქტიკისთვის გამოიყენონ.