ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის რადიო და ტელემაუწყებელი იტყობინება.

რეფორმების პარტიამ გუშინ გამართულ ესტონეთის რიიგიკოგუს 2023 წლის არჩევნებში 37 მანდატი და ხმების 31 პროცენტი მოიპოვა. კაია კალასი (რეფორმა) პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება და მომავალ კოალიციას უხელმძღვანელებს.

ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ რეფორმების პარტიას 37 ადგილი აქვს, ეკრეს (რადიკალი მემარჯვენეები) - 17, ცენტრისტებს - 16, ესტი 200-ს (ლიბერალები) - 14, სოციალ-დემოკრატებს -9  და ისმაას (ქრისტიან დემოკრატები და ნაციონალურ-კონსერვატიული პარტიები) -8.  

ეს ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში ექვსი პარტია იქნება წარმოდგენილი.

რიიგიკოგუში სულ 101 ადგილი, კოალიციებს უმრავლესობისთვის 51 ადგილი სჭირდებათ. წინა არჩევნების შემდეგ რეფორმების პარტიამ უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებსა და ისმაასთან შექმნა. 

2023 წლის არჩევნებში რეფორმების პარტიამ 3 მანდატით მეტი მოიპოვა, ვიდრე 2019 წელს. ცენტრისტებმა 10 ადგილი დაკარგეს, ეკრემ - 2, სოციალ-დემოკრატებმა - 1, ისმაამ - 4. ესტი 200 პირველად მოხვდა პარლამენტში.

მეორე ადგილზე გასული პარტია ეკრეს ლიდერი აცხადებს, რომ არ ენდობა ელექტრონული კენჭისყრის შედეგებს და ხმების გადათვლას მოითხოვს.

არჩევნებში სულ მონაწილეობა მიიღო 615 009 ამომრჩეველმა (63,5%), აქედან 313 514-მა ელექტრონულად.საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ესტონეთის 84 000 მოქალაქიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10,7%-მა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა 31 821 ხმა პირადად მიიღო, რაც ესტონელი პოლიტიკოსის მიერ მიღებული ხმების რეკორდული რაოდენობაა. ცენტრისტების კანდიდატი, ტალინის მერი მიხაილ კილვარტი მიღებული პირადი ხმების რაოდენობით (თითქმის 14 600 ხმა) მეორე იყო.