უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის სამშვიდობო გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით და ეწინააღმდეგება დასავლეთის ლიდერების პოზიციას პეკინის წინადადებაზე. ამის შესახებ Politico წერს.
"ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩინეთის სამშვიდობო გეგმა და მხარს ვუჭერთ მას", - თქვა უნგრეთის ლიდერმა პარლამენტში და აღნიშნა, რომ მას სურს, რომ უნგრეთი ომისგან შორს იყოს და არ მიაწოდოს უკრაინას იარაღი.
აშშ-მ და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ჩინეთის უკრაინის სამშვიდობო წინადადება, როგორც მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ ქვეყნის პრორუსული პოზიციიდან, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ წინადადებას "დიდი სანდოობა არ აქვს, რადგან ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში."
ორბანის განცხადებამ ორშაბათს პარლამენტში დებატები გამოიწვია.
"რატომ დადგა ხელისუფლება მკვლელი პუტინის მხარეს? შესაძლებელია თუ არა, რომ უნგრეთის პრემიერი რუსეთის აგენტი იყოს?" - იკითხა უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერმა ფერენც გიურშანმა ორბანის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო დებატების დროს.
ჩინეთმა სამშვიდობო გეგმა მას შემდეგ წარადგინა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი განიხილავს მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას. პეკინმა ასევე თავი შეიკავა უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ, რომელიც მოითხოვდა, რომ რუსეთს სასწრაფოდ გაეყვანა სამხედროები.
პეკინის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გასულ პარასკევს, ომის დაწყების პირველ წლისთავზე გამოქვეყნდა, მოიცავს ცალმხრივი სანქციების კრიტიკას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სტრატეგიული რისკების შემცირების მოწოდებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რუსეთს ჯარების გაყვანის კონკრეტულად მოთხოვნის გარეშე.
მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრთხილად მიესალმა პეკინის ძალისხმევას ომის დასრულებისკენ, რაც, როგორც ჩანს, არის მცდელობა, შენარჩუნდეს დიალოგი ჩინეთთან და ხელი შეუშალოს პეკინს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში.