CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა დაადასტურა, რომ ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ლეტალური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ბერნსმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა განიხილავს ლეტალური იარაღის მიწოდების შესაძლებლობას." - აღნიშნა ბერნსმა.
CIA-ს დირექტორის თქმით, ჩინეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლეტალური იარაღით დახმარების გაწევის შესახებ. თავის მხრივ, მან განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუშალოს ჩინეთის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში.
"ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვერ ვხედავთ ფაქტობრივად ლეტალური იარაღის მიწოდების მტკიცებულებებს. ამიტომ ბლინკენმა და პრეზიდენტმა მკაფიო განმარტებები გააკეთეს, რა შედეგები მოჰყვება ასეთი ნაბიჯის გადადგმას", - თქვა ბერნსმა.
CIA-ს დირექტორი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
"არ არსებობს უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინაში პუტინის გამოცდილებას, ომის განვითარებას, უფრო ყურადღებით ადევნებს თვალს, ვიდრე სი ძინპინი. ვფიქრობ, ის ბევრი რაღაცის გამო იყო დაბნეული და გამოფხიზლებული იმით, რაც დაინახა", - თქვა ბერნსმა.