პოლონეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება, - ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს. სტატიაში გამოცემა განიხილავს იმ ნაბიჯებს, რასაც პოლონეთი თავდაცვისა და სამხედრო განვითარების კუთხით დგამს.
როგორც გამოცემა წერს, დაზუსტებულია, რომ ვარშავა ამჟამად უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები - მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7%. პოლონეთს ჰყავს ყველაზე დიდი არმია ევროკავშირში და ხარჯავს მილიარდობით ევროს თვითმფრინავებზე, რაკეტებზე, ტანკებზე, არტილერიაში და ბევრ სხვაზე. ამჟამად ფრონტის ხაზის სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიას, თავის მოსახლეობას ომისთვის ამზადებს.
"ჩვენ მეზობლები ვართ რუსეთის ფედერაციასთან და მის მოკავშირე ბელარუსთან, ჩვენ გვაქვს მხოლოდ შეზღუდული დრო მოსამზადებლად და პასუხის გასაცემად", - განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ვისლავ კუკულამ.
გამოცემამ გაიხსენა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის სიტყვები, რომელიც აცხადებდა, რომ ვარშავა გეგმავს, შეიარაღებული ძალების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდოს და 2025 წლის ბოლომდე გაამზადოს მილიონობით რეზერვისტი. მან დასძინა, რომ სწავლება ნებაყოფლობითი იქნება.
მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება განახორციელებს მოკლევადიანი სამხედრო მომზადების პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია გამოცდილების არმქონე სამოქალაქო პირებისთვის. კურსები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მონაწილეებს გააცნობს სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლებს, პირველად სამედიცინო დახმარებას და გარკვეულ სამხედრო უნარებს. ხოლო მათ, ვინც უკვე გაიარა სამხედრო მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს შესთავაზებენ.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო პირები, რომელთაც სურთ, მიიღონ უფრო ყოვლისმომცველი ტრენინგი, შეძლებენ, დარეგისტრირდნენ ერთთვიან სასწავლო პროგრამაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში.
კუკულას თქმით, ტრენინგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ პოლონელებმა შეიძინონ უნარები, რომლებიც "გამოადგებათ როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს".
"ჩვენ გვინდა, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ნათლად აჩვენოს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც ჩვენს თავდაცვაში წვლილი შეაქვს. ყველა არ გახდება ჯარისკაცი, ყოველ შემთხვევაში, ასაკის გამო, მაგრამ მათ შეეძლებათ, გაიარონ ტრენინგი სამოქალაქო თავდაცვისა და პირველადი დახმარების შესახებ", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
ასევე აღინიშნა, რომ პოლონეთის ზრდასრული მოსახლეობის სამხედრო მომზადება ტუსკის მთავრობის მიერ წამოყენებული პროგრამის ნაწილია. ქვეყანა აფართოებს სასკოლო პროგრამას სახელწოდებით "განათლება ჯართან ერთად". გეგმის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები მოიცავს სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტს. სავარაუდოდ, მსგავსი პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება.
"თუ ჩვენ მზად ვართ და თუ რუსეთმა იცის, რომ მზად ვართ, მაშინ ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, რომ რუსეთმა კონფლიქტიც კი არ დაიწყოს", - დასძინა პოლონელმა გენერალმა.