Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირში ახალი ქვეყნები შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების გარეშე გაწევრიანდნენ, რა შემთხვევაშიც ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერები, სავარაუდოდ, უფრო დათანხმდეს ბლოკში უკრაინის მსგავსი სახელმწიფოს გაწევრიანების იდეას. 

სამმა ევროპელმა დიპლომატმა და საკითხზე ინფორმირებულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე წესების შეცვლის წინადადება ჯერჯერობით განხილვის ადრეულ ეტაპზეა და საბოლოოდ საჭირო იქნება, რომ მას ყველა ამჟამინდელმა წევრმა დაუჭიროს მხარი. 

Politico-ს მიხედვით, ამ წინადადების ფარგლებში, EU-ს ახალი წევრები ხმის მიცემის სრულ უფლებას მას შემდეგ მოიპოვებენ, რაც ევროკავშირში ძირეულად შეცვლიან ხმის მიცემის წესებს, რათა უფრო რთული გახდეს ცალკეული ქვეყნებისთვის რიგ საკითხებზე ვეტოს დადება. 

"მომავალი წევრები ვალდებული უნდა იყვნენ, დათმონ ვეტოს უფლება, სანამ არ დაინერგება მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები - როგორიცაა კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრის შემოღება პოლიტიკის მიმართულებათა უმეტესობისთვის," ამბობს ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანტონ ჰოფრაიტერი.

"გაფართოება არ უნდა შენელდეს ცალკეული ევროკავშირის წევრების მხრიდან რეფორმების დაბლოკვით," დაამატა მან. 

Politico წერს, რომ აღნიშნული ინიციატივით ის ქვეყნები, რომლებიც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არიან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და მონტენეგრო, შეძლებენ, რომ EU-ს წევრობით მრავალი სარგებელი მიიღონ ვეტოს უფლების გარეშე.