Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი €140 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენებას აპირებს უკრაინისთვის დიდი ზომის სესხის დასაფინანსებლად. თუმცა, გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია დამატებითი გზების გამონახვას ცდილობს. 

გაყინული აქტივების დიდი ნაწილი ბელგიურ ფინანსურ ინსტიტუტ Euroclear-შია განთავსებული, თუმცა, დამატებით €25 მილიარდი ევროკავშირის მასშტაბით კერძო ბანკის ანგარიშებზეა განთავსებული. Politico-ს ცნობით, სწორედ ამ თანხის გამოყენების განხილვა სურს ევროკომისიას უკრაინისთვის. 

"განხილული უნდა იყოს, შეიძლება თუ არა რეპარაციების სესხის ინიციატივის გაფართოება სხვა იმობილიზებულ აქტივებზე ევროკავშირის შიგნით," წერია გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიამ ბლოკის წევრი ქვეყნების მთავრობებს გაუგზავნა 17 ოქტომბერს ელჩების დონეზე დაგეგმილ შეხვედრამდე. 

დოკუმენტში განსაზღვრულია "გეგმის პრინციპები" უკრაინის რეპარაციების სესხის ინიციატივისთვის, რომელსაც ბრიუსელში ევროკავშირის მომდევნო სამიტზე განიხილავენ. 

Politico-ს მიხედვით, ევროკავშირის ლიდერები აღნიშნულ ინიციატივაზე ფართო დისკუსიას გამართავენ და ევროკომისიას მოუწოდებენ, რომ სესხთან დაკავშირებით წინადადება წარადგინოს. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კანონპროექტს მომავალ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი.