ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტის დაანონსებისთვის ემზადება, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიარდი დოლარი იქნება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სამხედრო დახმარება, პროგრამა USAI (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა) ეგიდით განხორციელდება, რაც, კერძო სამხედრო კომპანიებთან კონტრაქტების დადებასა და ახალი იარაღის წარმოებას გულისხმობს. გამოცემის თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტს, პარასკევს, 26 აპრილს, პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე გამოაცხადებს.

წყაროების მიხედვით, სამხედრო პაკეტი მოიცავს Patriots-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებს, დრონებს, დრონსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და უკრაინული ავიაგამანადგურებლებისთვის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს (რომელიც, შესაძლებელია, NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვისაც იქნეს გამოყენებული).

გამოცემის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.