უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო აცხადებს, რომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში პატივისცემით მიიღებს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად ბუდაპეშტში ჩამოსვლისას დაპატიმრების არ უნდა შეეშინდეს. სიარტოს განცხადებით, ტრამპი-პუტინის შეხვედრის თარიღი და დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამი ქვეყნის ოფიციალური პირები შეხვედრისთვის მოსამზადებელი დეტალების განხილვას დაასრულებენ.
"მზად ვართ, უზრუნველვყოთ შესაბამისი პირობები, რათა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გამართონ. უნგრეთი ევროპაში – ყველაზე უსაფრთხო, მსოფლიოში კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. შესაბამისად, თუ კი სადმე მოლაპარაკებების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაა შესაძლებელი, ეს აქ არის", – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, პიტერ სიარტოს განცხადებით, პუტინი უნგრეთში შესვლას და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებს.
"მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მან უნგრეთში შემოსვლა, წარმატებული მოლაპარაკებების ჩატარება და სამშობლოში დაბრუნება შეძლოს. არავის თანხმობა არ არის საჭირო", – აღნიშნა სიარტომ.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში გაემგზავრება.