უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, თუმცა ეს მალე არ მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

მადიარის თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების პროცესი უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მისი ქვეყანა ამ საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.

„შეუძლებელია, ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა მადიარმა.

პარტია „ტისას“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.

„უკრაინა ამას თუ გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა, მაგრამ ეს მალე ნამდვილად არ მოხდება“, – აღნიშნა მადიარმა.
მადიარის თქმით, ამას „მომდევნო ათი წლის განმავლობაში“ არ განიხილავს.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა არ ელოდება, რომ ის მის რჩევას მოუსმენს. ამასთან, მადიარმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მალე იძულებული გახდება, ომი დაასრულოს.