პუტინის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ რუსული თვალთახედვით "მშვიდობა" არ მოიაზრებს კიევისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებას.

პესკოვის განცხადებით, რუსეთში არ განიხილავენ კიევის სამშვიდობო გეგმას, რომელიც რუსეთის რეალობას არ გაითვალისწინებს.

რუსულ რეალობას კი კრემლი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში დარჩენას უწოდებს.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევისა და ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საჯაროდ ალაპარაკდა.

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს დიპლომატიური მოლაპარაკებები, როგორც ხრიკი ბრძოლის ველზე თავისი ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი აცხადებს, რომ რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობაა.

ზელენსკის განცხადებით, ომი დასრულდება, როცა უკრაინა ტერიტორიების, მათ შორის დონბასისა და ყირიმის დეოკუპაციას მოახდენს.