უკრაინის პრეზიდენტის საპასუხო განცხადება პუტინის პრესმდივანმა კრემლისტურ მედიასთან გააკეთა.

დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას არ იღებს.

"ამაზე საუბარი გამორიცხულია", — თქვა მან.

12 დეკემბერს, G7-ის ლიდერებისადმი მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს შეუძლია, შობის დღეს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა დაიწყოს და აგრესიაზე უარის თქმის უნარი აჩვენოს.

"ვთავაზობ რუსეთს, მაინც ეცადოს, დაამტკიცოს, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. ოკუპანტი უნდა წავიდეს. ეს აუცილებლად მოხდება და მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთოს რუსეთმა ეს ახლა, შობის დღესასწაულზე", — განაცხადა ზელენსკიმ.