კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ე.წ. შავი ზღვის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც შავ ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებას გულისხმობს.
პრესსპიკერის თქმით, პუტინს დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერ-რიადში მოლაპარაკებების შედეგებს.
ამასთან, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების სურვილი აქვთ.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, მხარეებს კიდევ ბევრი ტექნიკური საკითხის გადაჭრა მოუწევთ.
"როგორც ჩანს, საუბარია მშვიდობიანი მოგვარების გზით სვლის სურვილსა და მზადყოფნაზე. აქ მართლაც არის საერთო გაგება. ტექნიკური საკითხების გარკვეულ ნაწილზე დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერ-რიადში ჩვენსა და ამერიკულ დელეგაციას შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი სხვადასხვა ასპექტის დამუშავებაა საჭირო, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის მოგვარებასთან", – განაცხადა პესკოვმა.